ერთი საათის წინ ოკუპანტები გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სკოლაში შეიჭრნენ, მათ განათლების სამინისტროს მიერ ბავშვებისათვის ნაჩუქარი კომპიუტერული და აუდიო ტექნიკა გაიტაცეს, მასწავლებლებს კი ქართული წიგნები ჩამოართვეს.
მანამდე კი გალის რაიონის სოფელ სიდასა და ნაბაკევში ხუთი ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ყოლბაიების, ჩხეტიების და გერგედავების ოჯახებს თავს ერთდროულად დაესხნენ. ოკუპანტები ოქროულობას, ფულს და თხილს ითხოვდნენ. პარალელურად რუსებმა ქართველების სახლებიდან ნახმარი საოჯახო ნივთები და ზამთრისათვის მომარაგებული საკვები პროდუქტებიც კი წაიღეს.
ოკუპანტები თავს ქართველებს საღამოს 20:00 საათზე დაესხნენ, მანამდე კი სოფლების ქუჩები ჯავშანტრანსპორტიორებით გადაკეტეს. ნაძარცვი რუსმა ოკუპანტებმა ურალის ტიპის სატვირთო სამხედრო მანქანით გაიტანეს. თავდასხმის დროს კი ხუთივე ოჯახის წევრებს სასტიკად სცემეს. გასვლამდე რუსმა ოკუპანტებმა ოჯახის წევრები სკამებზე მიაბეს. ისინი მეზობლებმა მხოლოდ დღეს 13:00 საათისათვის იპოვეს.
რამდენიმე დაზარალებული გალისა და ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
"ეს ბანდიტური ჯგუფი აფხაზური ე.წ. ადმინისრაციის მხრიდან დიდი მხარდაჭერით მოქმედებს. მათთან ერთად არიან რუსი ოკუპანტები", _ აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი, გალის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა.