პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ევროკავშირის ელჩებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს თავად გილაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, "შეხვედრაზე დიპლომატებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია და მათთან რაიმე კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება არ მომხდარა. შეხვედრის ძირითადი დანიშნულება ჩვენს მიერ ელჩების აღნიშნულ საკითხზე ინფორმირება იყო. ვისაუბრეთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ნაბუკოზე და სხვა ენერგეტიკულ პროექტზე", - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, მან ელჩებს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რასაც ევროპა საქართველოს მიმართ იჩენს.
ამასთან პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხი.
"ვიზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და ველოდებით დოკუმენტის ხელმოწერას. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას ყველანაირი წინაპირობა არსებობს რომ ევროკავშირთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები დავიწყოთ", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.