ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონის შტატში მცხოვრებმა 104 წლის ომის ვეტერანმა ბილი ლეფსჩიმ დაბადების დღე და კორონავირუსისგან განკურნება ერთდროულად აღნიშნა
გამოჯანმრთელება და დაბადების დღე ხანდაზმულთა პანსიონატის თანამშრომლებმა ბილის ერთდროულად მიულოცეს. თუმცა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა ძალიან ვიწრო წრეში შედგა, სოციალური დისტანცირების აუცილებლობის გამო.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მხოლოდ ის მსურს, რომ მზე ამოვიდეს და სინათლე მოჰფინოს მსოფლიოს", - თქვა ბილმა.
ხანდაზმულთა პანსიონატში, რომელსაც ორეგონის შტატის ვეტერანთა დეპარტამენტი განაგებს, კორონავირუსით 15 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბილი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, 5 მარტიდან საკუთარ ოთახში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მისი ოჯახი ამბობს, რომ ბილი ძალიან მებრძოლია, რადგან მან გამოიარა ესპანური გრიპის პანდემია, დიდი დეპრესია და მეორე მსოფლიო ომი.