ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პოლიციელებს ნება დართო კარანტინის დამრღვევები დახვრიტონ. იუწყება Reuters-ი.
თავის სატელევიზიო მიმართვაში დუტერტემ განაცხადა, რომ პოლიცია ასევე სასტიკად გაუსწორდება, მათ ვინც მედპერსონალზე თავდასხმას შეეცდება. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაიცვას კარანტინის რეჟიმი, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო ვითარება უარესდება.
დუტერტემ პოლიციელებს უბრძანა კარანტინის დამრღვევებს სასიკვდილოდ ესროლონ.
"გაიგეთ? სასიკვდილოდ. თუ პრობლემებს შეგვიქმნით, დაგმარხავთ, დაგასამარებთ", - განაცხადა დუტერტემ ტელემიმართვაში.
ფილიპინებში 16 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვები 14 აპრილამდეა დაწესებული.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 311-ს შეადგენს, გარდაცვლილია 96 ადამიანი.