დღეს, 2020 წლის 30 მარტს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აღმართვის ცერემონია.
ასევე, ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ერთდროულად აღიმართება ნატო-ს ოპერაციების გაერთიანებულ სარდლობაში, მონსში (ბელგია) და ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობაში, ნორფოლკში (აშშ).
2020 წლის 27 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად გახდა ნატოს ახალი წევრი, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან მიერთების შესახებ დოკუმენტი ვაშინგტონში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 2019 წლის თებერვალში ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრების შესახებ პროტოკოლს, რის შემდეგაც 29 წევრი ქვეყნის პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
”ჩრდილოეთ მაკედონია ახლა უკვე ნატოს ოჯახის წევრია, იმ ოჯახის, რომელიც შედგება 30 სახელმწიფოსა და თითქმის მილიარდი ადამიანისგან. ეს ოჯახი დაფუძნებულია პრინციპზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენ ყველა ერთად უფრო ძლიერნი და უფრო დაცულნი ვართ” - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოეთ მაკედონიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ავღანეთსა და კოსოვოში ნატოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით.