გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ლოთარ ვილერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისია.
"ჩვენ ეპიდემიის დასაწყისში ვართ და ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება", - თქვა ლოთარ ვილერმა.
მისი თქმით, გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, რასაც ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, თუმცა კონკრეტულად რომელი, ამის თქმა ძნელია.
როგორც ლოთარ ვილერმა განაცხადა, ქვეყანაში ბევრ ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რამაც გამოავლინა კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე მრავალი ადამიანი.
"თუ როგორ განვითარდება ეპიდემია, ამის პროგნოზირება ძნელია. ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით გარდავალების შემთხვევები მოიმატებს", - დასძინა მან.
ბოლო ინფორმაციით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 34 009 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 3 535 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.