პარიზში, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ლუვრის მუზეუმი გაურკვეველი ვადით დაიკეტა. ამის შესახებ განცხადება მუზეუმის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
დღეს, დილით, მუზეუმის დასათვალიერებლად მისულ ვიზიტორებს ლუვრი დაკეტილი დახვდათ. ადმინისტრაციის ცნობით, დახურვის მიზეზი თანამშრომელთა საგანგებო თათბირი იყო, რომელზეც მუზეუმის დროებით დაკეტვის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებმა მუზეუმის დროებით დაკეტვას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირადმონახულებადი მუზეუმია და მას მთელი მსოფლიოდან მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.
გუშინ, საფრანგეთის ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, აიკრძალოს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელში 5000-ზე მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილი 2 პაციენტი.