პენტაგონმა საქართველოსთვის დამატებით "ჯაველინების" მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის პარტნიორი ქვეყნებისთვის, ჯაველინების მიწოდებაზე კონტრაქტი კომპანია Raytheon/Lockheed Martin Javelin JV-სთან გააფორმა.
ჯაველინების ახალი პარტია განკუთვნილია შემდეგი ქვეყნებისთვის - ავსტრალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, ინდონეზიი, ირლანდია, იორდანია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ომანი, ყატარი, თურქეთი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
კონტრაქტის თანახმად, შეკვეთილი ჯაველინის სისტემების დამზადება 2020 წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემის დასამზადებელი კონტრაქტის ღირებულება 18 431 215 აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველომ ჯაველინის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის პირველი პარტია 2018 წელს მიიღო.