შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმის ნახევარკუნძულზე და და მოუწოდებს მას, დაუბრუნოს უკრაინას კუთვნილი ტერიტორია. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა.
"დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ყირიმი არის უკრაინა. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ყირიმზე სუვერენიტეტის შესახებ.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
პომპეომ აღნიშნა, რომ "ყირიმის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს რეგიონის უსაფრთხოებისთვის".
მან დაადანაშაულა ყირიმის ე.წ. ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში, მათ შორის რელიგიის თავისუფლებისა და ყირიმელი თათრების ინტერესების შელახვაში.
"ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია.
მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დონბასში მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს.
შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს სანამ უკრაინას ყირიმზე კონტროლს არ დაუბრუნებს და სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.