"საკითხავი ის კი არ არის, კიდევ იქნება შემთხვევები თუ არა, არამედ უფრო ის, თუ როდის იქნება, და რამდენ ადამიანს ექნება ამ ქვეყანაში მწვავე დაავადება" - ამბობს ექიმი ნენსი მესონიერი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან (CDC). იუწყება რადიო "ამერიკის ხმა".
ფედერალური ორგანო - შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი - ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელებისთვის მზადება. ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მათ შესაძლოა გაცილებით უფრო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა მოუწიოთ, რათა კოვიდ-19-ის გავრცელება შეაკავონ.
ნენსი მესონიერი განმარტავს, რომ მართალია, კარანტინმა და ფრენების აკრძალვამ კორონავირუსის შეკავებას შეუწყო ხელი და მისი გავრცელება შეანელა, მაგრამ აგრესიულ ქმედებაში ეს არ იგულისხმება. "ამერიკელ საზოგადოებას ვთხოვთ, იმუშაოს ჩვენთან ერთად და მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება ცუდი ვითარება შეიქმნას" - თქვა მან.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ვითარებისთვის საკუთარ ოჯახსაც ამზადებს. "ამ დილით, საუზმეზე ვესაუბრე ჩემს ოჯახს. ბავშვებს ვუთხარი, რომ არ მგონია, რომ ისინი ახლა რისკის ქვეშ არიან, მაგრამ ჩვენ, მთელი ოჯახი საჭიროა მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი შეფერხებები იქნება" - თქვა ექიმმა მესონიერმა.
ჯანდაცვის სპეციალისტები ამერიკელებს აფრთხილებენ სკოლების და სამუშაო ადგილების შესაძლო დახურვისთვის, დიდი თავყრილობების, საჯარო შეკრებების გასაუქმებლად. "მესმის, რომ მთელი ეს სიტუაცია შეიძლება ძალიან ამაღელვებელი ჩანდეს და ეს შეფერხებები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ძალიან მწვავე იყოს. მაგრამ ეს არის ის, რაზე ფიქრიც ახლავე უნდა დავიწყოთ" - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი და დასძენს: "ვიმედოვნებ, რომ ბოლოს, უკან რომ მოვიხედავთ, გვექნება შეგრძნება, რომ ზედმეტად მოვემზადეთ. თუმცა, მოუმზადებლობას ეს აჯობებს".
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ცენტრმა რამდენიმე აუცილებელი ზომა უკვე მიიღო. 7 იანვარს, მათ კოვიდ-19-ის მართვის ცენტრი შექმნეს. 21 იანვარს საგანგებო ოპერაციების ცენტრი აამოქმედეს, 31 იანვარს კი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ალექს მ. აზარმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ფედერალური მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს შტატების, ქალაქების და სხვა ადგილობრივ მმართველობასთან, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა მოსალოდნელ აფეთქებას მომზადებული შეხვდეს. 2 თებერვლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში ბოლო 14 დღის მანძილზე ნამყოფი უცხოელი მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა აკრძალა.