ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიომ უფრო მეტი უნდა გააკეთს იმისთვის, რათა მომზადებული დახვდეს კორონავირუსის გლობალური პანდემიისთვის. იტყობინება BBC-ი.
ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ კიდევ ნაადრევია არსებულ მდგომარეობას პანდემია ვუწოდოთ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გადავიდეს პანდემიისთვის მზადყოფნის რეჟიმზე.
პანდემია არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ერთი რომელიმე ქვეყნის, მისი მეზობელი ქვეყნების ან მსოფლიო მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედრონს ადჰანომ ღებრეისუსის თქმით, შემაშფოთებელია სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა მზარდი რაოდენობა.
"მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის ჩვენ არ ვართ მოწმენი ამ ვირუსის შეუქცევადი გლობალური გავრცელებისა და ფართომასშტაბიანი სიკვდილიანობისა", - დასძინა მან.
კორონავირუსით დაინფიცირების უმრავლესი შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება, რომელიც ინფექციის ძირითადი წყაროა. ამ დროისთვის, ჩინეთში 77 000 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო 2600-ზე მეტი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.
ჩინეთის საზღვრებს მიღმა კორონავირუსით დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 30 სხვადასხვა ქვეყანაში.
დღეის მდგომარეობით, იტალიამ 3 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.
24 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები დააფიქსირეს ერაყში, ავღანეთში, ქუვეითში, ომანსა და ბაჰრეინში.