ადამიანი, რომელიც ნამუშევარია პრემიერ-მინისტრად ის მინისტრად ვერ დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა მას არ აქვს პრეტენზია არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე.
"მე არ მომეწონა პრემიერ-მინისტრობა, იმიტომ, რომ მე მიყვარს ძალიან კონკრეტული საქმეების კეთება, მიყვარს უშუალოდ მონაწილეობა რაღაც პროცესებში. პრემიერ-მინისტრობა ეს იყო ძალიან ზოგადი და ბევრი საჯარო და ფორმალური პროცედურა უნდა განმეხორციელებინა. რადგან მე უკვე ვიყავი პრემიერმინისტრი, ეს არის უმაღლესი თანამდებობა საქართველოში, მე არ მიმაჩნია, რომ როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მე არ მომინდება პრემიერ-მინისტრობა. და რადგან მე უკვე პრემიერ-მინისტრი ვიყავი, შეუძლებელია, მე დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე დღესვე შემიძლია განვაცხადო - მე თვითონ არ მაქვს პრეტენზია არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე, ნებისმიერი სამინისტროსი, ეს შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის სკამზე და შეასრულოს ეს პოზიციები“, - თქვა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ის იქნება რიგითი თავისუფალი ჯარისკაცი.
„დღეს არის სხვა ეპოქა, დღეს არის გლობალური მსოფლიო. არის სამოქალაქო საზოგადოება და მე ჩემი ავტორიტეტით, ჩემი გამოცდილებითა და ავტორიტეტით იმდენი რამის გაკეთება შემიძლია. ნებისმიერ საქმე ავიღებ, რიგითი ჯარისკაცობიდან დაწყებული, ავიღებ და განვახორციელებ. მე ვიქნები თავისუფალი რიგითი ჯარისკაცი“, - თქვა მერაბიშვილმა.