7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ციხეს ტოვებს. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვიდან ხვალ დილით გათავისუფლდება.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებზე მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ თავადვე ისაუბრებს.
"არც ვიცი რას აპირებს, ამ თემაზე ბოლო ხანებში ჩვენ არც გვისაუბრია, შესაბამისად თავის გეგმებზე, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებას თავად აუხსნის და დეტალებს თავად მოგახსენებთ. ჩვენს პარტიაში ვანო მერაბიშვილს ჰყავს არაერთი მეგობარი ჩემი ჩათვლით, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პრეფერენციებს, რას გადაწყვეტს და როგორ იმოქმედებს, თავად ისაუბრებს. იმ საკითხზე, რომელიც არის მისი გადასაწყვეტი მე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მანამდე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის - 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, მე-5 მუხლთან ერთად.