ჰააგის სააპელაციო სასამართლომ კომპანია "იუკოსის" ყოფილი აქციონერების სასარგებლოდ რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამრიგად, ჰააგის სააპელაციომ გააუქმა მისი ქვემდგომი საოლქო სასამართლოს 2016 წლის განჩინება და აღადგინა 2014 წელს, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
2014 წლის ივლისში, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ ერთხმად დააკმაყოფილა "იუკოსის" ყოფილი აქციონერების სარჩელი და რუსეთს დააკისრა 50 მილიარდი დოლარი. არბიტრაჟის დასკვნით, რუსეთის მთელი სახელისუფლებო და საკანონმდებლო სისტემა მოქმედებდა კომპანია "იუკოსის" მიზანმიმართული გაკოტრებისა და მისი მთავარი აქციონერის მიხაილ ხოდორკოვკის დასაპატიმრებლად.
2016 წლის აპრილში კი, ჰააგის საოლქო სასამართლომ გააუქმა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს საქმე ჰააგის არბიტრაჟის კომპეტენციაში არ შედის.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ნიდერლანდების სამეფოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი თქმით, სასამართლომ უკუაგდო ფაქტი, რომ "იუკოსის" ყოფილი აქციონერები არ არიან კეთილსინდისიერი ინვესტორები.