როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არის მზადება იმ დიდი აქციისთვის, რომელსაც ვგეგმავთ 4 აპრილს, - განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომ არ მისცემენ სესიების თავისუფლად ჩატარების საშუალებას.
„აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ხმაურსაც, ჩვენს პროტესტსაც აქედან, ყველგან მივაწვდენთ ხმას, სადაც იქნება. აქციები, პიკეტირება, აქციები, რომლებიც შემდეგ გაიმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არის მზადება იმ დიდი აქციისთვის, რომელსაც ვგეგმავთ 4 აპრილს. შემდეგ მოვიდნენ და დაგვთვალონ აპრილში, რამდენი ადამიანი გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად“ ,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტთან ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორებს აწყობენ, რითაც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. დეპუტატების მანქანების პარლამენტის ეზოში შესვლისას აქტივისტები სკანდირებენ "მონა"-ს და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს. აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციის ერთერთ თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციელმა მათ მოსთხოვა, გზის სავალი ნაწილი არ დაეკავებინათ.
ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს. პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 11:00-ზე, ხოლო პლენარული - 12:00-ზეა ჩანიშნული.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.