დღეს, 14 თებერვალს, მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება. წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 56-ედ ტარდება.
საქართველოდა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.
ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები.
კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სხვები.
მიუნხენის კონფერენცია 16 თებერვალს დაასრულებს მუშაობას