დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ როგორც ჩანს, ეს საარჩევნო ტაქტიკაც არის და ძალიან სამწუხაროა. უმრავლესობის ყოფილი წევრი არ გამორიცხავს, რომ სხვა ლიდერებიც დააკავონ. მისი თქმით, „ახლა არის ისეთი მოცემულობა, როდესაც გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება ანუ ჩვენ ვერ ვიტყით, რომ რაღაც არის არარაციონალური, რაღაცა დააზიანებს ქვეყანას და ამიტომ არ მოხდება, აღარ ვართ ამ ფაზაში”.
ჩუგიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნებიდან მის წამოსვლამდე სხვა მდგომარეობა იყო, მაგრამ რაც ეს პროპორციულის პირობა ჩავარდა „მოვლენები აშკარად სხვა მიმართულებით განვითარდა“.
„როგორც ჩანს, ეს საარჩევნო ტაქტიკაც არის და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო ტაქტიკა ყველას თვალში, ვინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვინც ჩვენთვის პარტნიორი და მხარდამჭერია, ვის იმედადაც ვართ ამდენი ხანია და კიდევ მომავალშიც უნდა ვიყოთ, ყველას თვალში აბსოლუტურად გვანულებს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს“, - თქვა ჩუგოშვილმა.