საღ აზრს დაკარგული ადამიანების ვნებებს არ და ვერ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას, - განაცხადა პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, დავით უსუფაშვილმა ხელისუფლების სავარაუდო სამომავლო გეგმებზე საუბრისას გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".
მისი თქმით, შესაძლოა მმართველმა გუნდმა ხელოვნურად შექმნას დაძაბულობა ვადამდელი არჩევნების მიზნით ან ოპოზიციაში გააჩინოს შიდა კონფლიქტი.
"როდის იქცევიან ხოლმე ხელისუფალნი ასე, სუპერ ცინიკურად. ხელისუფლება იქცევა ისე, რომ რაც შეიძლება მალე ჩაშალოს მოლაპარაკებები. რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი მოლაპარაკებების მაგიდას. ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ ავყვეთ. მე არ ავყვები", - თქვა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა რაც შეიძლება სრაფად დაიშალოს მოლაპარაკების ყველა მაგიდა.
"ხელისუფლების ამოცანაა, ადუღდეს ტემპერატურად, ადამიანებმა დავკარგოთ საღი განსჯის უნარი, ემოციურ ფონს ვგულისხმობ. როგორმე ამ მღვრიე წყალში, რაღაცა თევზი დაიჭიროს. იქნება ეს ვადამდელი არჩევნები...
გუნდში ძალიან მკაფიოდ ხედავენ ერთ რამეს, საერთაშორისო კრიტიკა კატასტროფული სიჩქარით მიდის მაღლა. ამიტომ შესაძლოა, მათ გადაწყვიტონ, სადაც წვრილია იქ გაწყდეს. ახლა ავრიოთ-დავრიოთ სიტუაცია. მიაწყდეს ხალხი ერთმანეთს. ვიღაც დაჭერის გამო, ვიღაც სხვა რამის გამო, იქნებ ამ მღვრიე წყალში მალე დავიჭიროთ თევზი. ეს არის ერთი ვერსია.
მეორე ვერსიაა, არჩევნები თავის დროზე ჩატარდეს, მაგრამ მანამდე მოხდეს ოპოზიციაში იმ ტიპის არეულობის შეტანა, იმ ტიპის დაშანტაჟება, რომ მე ვიღაცას ვეღარ დაველაპარაკო, ის ვიღაცას არ დაელაპარაკოს, მაგრამ ეგრე მარტივად არ იქნება საქმე. საღ აზრს დაკარგული ადამიანების ვნებებს არ და ვერ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას“, - თქვა უსუფაშვილმა.