ამ დოკუმენტმა „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
მისი თქმით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შეთანხმებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
„ამ შეთანხმებას შეიძლება ხელი შეუშალოს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიბრიყვემ. სხვა საბაბი არ არსებობს. ამ დოკუმენტმა „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც დღეს გვიმტკიცებდა, რომ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს“, - ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებდა, ორი თვის წინ ეუთო-ოდირში გაიგზავნა. პაკეტს ხელს 30-მდე პარტია აწერს. დასკვნაში წერია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას ითხოვს და არა კონსტიტუციის. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მაინც ფიქრობენ, რომ ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.