აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის დემოკრატიას, - თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სენატის მიერ იმპიჩმენტის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა უკანონობა დააკნონეს და უარყვეს აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული "შემოწმებისა და გაწონასწორების" სისტემა.
"დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციაში მყარი გარანტიები შექმნეს, რათა ხელისუფლება დაეცვათ თაღლითი პრეზიდენტისგან. მათ ალბათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამავე დროს, სენატსაც თაღლითი ლიდერი ეყოლებოდა, რომელიც უარს იტყოდა თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისგან.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი ამერიკელი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ამერიკელთა 75%-სა და სენატის ბევრ წევრს ღრმად სწამთ, რომ პრეზიდენტის მოქმედებები არასწორია. ამის საპირისპიროდ, სენატმა უარყო ფაქტები, ამერიკელი ხალხის სურვილი და საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობა.
ალბათ, პრეზიდენტი დაიკვეხნის, რომ იგი გაამართლეს, მაგრამ რეალური სასამართლო პროცესის გარეშე არ შიეძლება ის გამართლებულად ჩაითვალოს, რადგან სენატში პროცესმა მოწმეების, დოკუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე ჩაიარა.
მტკიცებულებებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის ყველაზე ძირითადი ელემენტების უარყოფით, სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა ხელი დააფარეს პრეზიდენტის დანაშაულს.
სამწუხაროდ, რესპუბლიკური სენატის მიერ კონსტიტუციის ღალატის გამო, პრეზიდენტი კვლავაც საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიას, ამტკიცებს რა, რომ იგი კანონზე მაღლა დგას და მას არჩევნების კორუმპირებაც შეუძლია თუკი მოისურვებს.
წარმომადგენელთა პალატა გააგრძელებს კონსტიტუციის "შემოწმებისა და გაწონასწორების" სისტემის დაცვას, რათა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაცვა.
დემოკრატები გააგრძელებენ ჩვენი დემოკრატიის დაცვას ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - თქვა ნენსი პელოსმა.
შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.
სენატორებმა ბრალდების ორივე მუხლი ხმათა უმრავლესობით უარყვეს: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა.
ტრამპის წინააღმდეგ ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა ხმა. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას.
პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა.
იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამერიკის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო და ის სენატში განიხილეს.