პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ, დეპუტატების მხრიდან შეკითხვები ისმევა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ თავის გამოსვლაში ყველა იმ ადამიანს, ვინც სამედიცინო სფეროს ემსახურება მადლობა გადაუხადა და დარგის რეფორმირების გაგრძელებაზე ისაუბრა.
„ყველა ექიმი, ყველა ექთანი, ყველა სამედიცინო პოტენციალის მქონე პიროვნება, ვინც დარაზმულია თავისი ქვეყნის ბინადრებისა და სტუმრების ჯანმრთელობაზე, იმსახურებენ ჩვენგან მადლობას. მადლობას იმსახურებს ყველა ის ადამიანი, რომელმაც რთული დრო გამოატარა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ხაზს ვუსვამ, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს რეფორმირების გზაზე ვიაროთ. ამის წინააღმდეგი არავინ არ არის თუ ეს რეფორმები მხარში დაუდგება თითოეულ პოტენციურ პაციენტს. ღმერთმა გვაშოროს გაჭირვება, მაგრამ დღეს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ქმედება პოტენციურ პაციენტზეა გათვლილი“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.
პარლამენტის წევრმა მინისტრს შეკითხვითაც მიმართა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სამომავლო საქმიანობით, მის კერძო სექტორთან თანამშრომლობის საკითხებით, ამოქმედების ვადებით და საქართველოსთვის ორიენტირებული ქვეყნების გამოცდილებით დაინტერესდა.