Netflix-ის სატელევიზიო შოუ "გვირგვინი/The Crown"-ის მეხუთე ფინალურ სეზონში, დედოფალს ელისაბედ მეორის როლს ბრიტანელი მსახიობი იმელდა სტონტონი შეასრულებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სერიალის ბოლო სეზონში მისი უდიდებულესობის როლს შესანიშნავი მსახიობი იმელდა სტონტონი შეასრულებს", - განაცხადა სერიალის სცენარისტმა პიტერმა მორგანმა.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ტელესერიალში სულ 6 სეზონი იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით სცენარისტმა განაცხადა, რომ "5 სეზონი სავსებით საკმარისია".
"როდესაც მეხუთე სეზონზე დავიწყეთ მუშაობა, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შეჩერების დრო იყო", - დასძინა მორგანმა.
მომავალ როლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იმელდა სტონტომაც.
"თავიდანვე მომწონდა ეს შოუ. ჩემთვის დიდი პატივია ამ შესანიშნავ გუნდთან ერთად მუშაობა. ამავე დროს ძალიან ვაფასებ კლერ ფოისა და ოლივია კოლმანის მიერ გაწეულ სამუშაოს", - განაცხადა სტონტონმა.
სერიალის პირველ და მეორე სეზონში დედოფლის როლს კლერ ფოი ასრულებდა. მესამე სეზონიდან კი კლერ ფოი სახელგანთქმულმა ბრიტანელმა მსახიობმა ოლივია კოლმანმა ჩაანაცვლა.
სატელევიზიო შოუს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 73 მილიონზე მეტი აუდიტორია ჰყავს.