4 თებერვლის საღამოს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ერს კონგრესიდან მიმართა. სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის ეკონომიკურად გაძლიერების მიმოხილვით დაიწყო.
"სამი წლის წინ ჩვენ ამერიკის დიდებული დაბრუნება დავიწყეთ. დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ არაჩვეულებრივი შედეგების გასაზიარებლად. დასაქმება ყვავის, ხელფასები მატულობს, სიღარიბე სწრაფად იკლებს, დანაშაულის მონაცემი ეცემა, ნდობა მატულობს, და ჩვენი ქვეყანა ყვავის და მას ისევ დიდ პატივის სცემენ! ამერიკის მტრები გარბიან, ამერიკის ქონება იზრდება და ამერიკის მომავალი თვალისმომჭრელად ნათელია", - განაცხადა მან.
"ჩემი ადმინისტრაციის მხოლოდ 3 წლის მანძილზე, 3.5 მილიონი სამუშაო ასაკის ადამიანი შეუერთდა დასაქმებულთა რიგებს", - თქვა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ამერიკას დღეს დასაქმების რეკორდული მაჩვენებლები აქვს, როგორც უმცირესობებს, ასევე ვეტერანებს, თუ ახალგაზრდებს შორის.
პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზეც ისაუბრა.
"ამერიკის თავისუფლების დასაცავად, ჩვენ რეკორდული თანხა 2.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ ამერიკის ჯარში. ვიყიდეთ საუკეთესო თვითმფრინავები, რაკეტები, ქობინები, გემები და ყველა სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა - ყველაფერი დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჩვენ ასევე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს მოკავშირეებს ვახდევინებთ საკუთარ სამართლიან წილს. მე გავზარდე ნატოს სხვა წევრების კონტრიბუცია 400 მილიარდი დოლარით და მოკავშირეების რაოდენობა, რომელიც მინიმალურ ვალდებულებას აკმაყოფილებდა, თითქმის გაორმაგდა".
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი დანაყოფი დაამატა. ეს ამერიკის კოსმოსური ძალებია.
ტრამპმა მოუწოდა კონგრესმენებს, რომ გააძლიერონ კოსმოსური პროგრამა "არტემისის" დაფინანსება, რათა შემდეგი კაცი და პირველი ქალი მთვარეზე ამერიკელები იყვნენ. მისივე თქმით, პლანეტა მარსზე უპირველესად ამერიკის შეერთბული შტატების დროა უნდა აფრიალდეს.
ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ გმირებზე ისაუბრა. მათ შორის იყო სერჟანტი კრისტოფერ ჰეიკი, თქვა პრეზიდენტმა. ის 2008 წელს ერაყში, გზაზე დაფლულ ნაღმზე, მანქანით აფეთქდა. "ტერორისტი, რომელსაც მის მოკვლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, იყო ყასემ სოლეიმანი".
პრეზიდენტის განცხადებით, სოლეიმანი "ირანის რეჟიმის ყველაზე სასტიკი ყასაბი იყო, მონსტრი, რომელიც კლავდა და ჭრიდა ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს ერაყში". პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მსოფლიოს წამყვანი ტერორისტის, სოლეიმანის ორკესტრირებული იყო უთვალავი კაცის, ქალის და ბავშვის სიკვდილი, მათ შორის, დეკემბერში მომხდარი თავდასხმა შეერთებული შტატების ძალებზე ერაყში.
"ის აქტიურად გეგმავდა ახალ იერიშებს. სწორედ ამიტომ, გასულ თვეში, ჩემი განკარგულებით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალამ უნაკლო სიზუსტის დარტყმა განახორციელა და მოკლა სოლეიმანი, სამუდამოდ აღკვეთა მისი ბოროტების და ტერორის გავრცელება", - განაცხადა ტრამპმა.
შემდეგ კი დასძინა: "ჩვენი გზავნილი ტერორისტებისადმი ნათელია: ამერიკულ სამართალს ვერასდროს გაექცევით. თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით თავს, პასუხს საკუთარი სიცოცხლით აგებთ".
ამერიკის პრეზიდენტმა ირანზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო თვეებში მსოფლიო მოწმე გახდა ამაყი ირანელების საპროტესტო გამოსვლების, რომლებიც რეპრესიულ მმართველობას აღუდგნენ წინ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანმა "უნდა შეწყვიტოს ბირთვულ იარაღზე მუშაობა, ტერორის, სიკვდილის, ნგრევის გავრცელება და დაიწყოს მუშაობა საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ".
შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ძლიერი სანქციების გამო, ირანის ეკონომიკა ცუდ დღეშია, თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. თუმცა, ჩვენ აქ ვართ და შეგვიძლია მათ სიტუაციის გაუმჯობესებაში ძალიან მოკლე დროში დავეხმაროთ. "აქ ვართ. ვნახოთ, რა გზას აირჩევენ ისინი. ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული".
ირანის თემა ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულების საკითხით გააგრძელა. მან ისაუბრა ავღანეთში მიმდინარე პროცესებზეც და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მუშაობს "ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის საბოლოოდ დასრულებაზე და ჩვენი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებაზე".
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. კონგრესმენების წინაშე მან პირობა დადო, რომ ავღანეთში ომი დასრულდება.
"ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი და დავაბრუნოთ სამხედროები სახლში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განსაკუთრებულად გამოყო ვენესუელა. მოკლე შესავალში მან ჯერ თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის აღდგენის საქმეში, ჩვენ ისევ ვდგავართ თავისუფლების მხარეს ჩვენს ნახევარსფეროში. სწორედ ამიტომ, ჩემმა ადმინისტრაციამ შეცვალა წინა ადმინისტრაციის ჩავარდნილი პოლიტიკა კუბის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ კუბელების, ნიკარაგუელების და ვენესუელელების იმედებს დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.
დარბაზი ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით შეეგება მის სიტყვებს. შემდეგ პრეზიდენტმა კონგრესში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელეეკრანებთან შეკრებილებს წარუდგინა საგანგებო სტუმარი, ვენესუელის "ნამდვილი და ლეგიტიმური პრეზიდენტი, ხუან გუაიდო".
"მისტერ პრეზიდენტო, გთხოვთ გადასცეთ ეს გზავნილი თქვენს სამშობლოში. ყველა ამერიკელი ერთიანდება ვენესუელელ ხალხთან ერთად, მათ სამართლიან ბრძოლაში მშვიდობისათვის! სოციალიზმი ანგრევს ერებს. მაგრამ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავისუფლება აერთიანებს სულს", - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა ხუან გუაიდოს.
რა არის "State of The Union"
ამ ყოველწლიური გამოსვლის გავრცელებული სახელი პირდაპირ თარგმანში “კავშირის მდგომარეობას” ნიშნავს. ეს არის მიმართვა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი შეერთებული შტატების კავშირის, მათი ერთობის მდგომარეობის თაობაზე, კონგრესსა და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს.
ბოლო დროს, მიმართვა თებერვლის დასაწყისში ხდება, და პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით უმცირესობის ლიდერი, ან პარტიის მიერ შერჩეული წარმომადგენლები გამოდიან. თუმცა, კანონით განსაზღვრული არაა, თუ რა ფორმით და კონკრეტულად როდის უნდა შედგეს ეს კომუნიკაცია ამერიკის მოქალაქეებთან. 1934 წლამდე ის დეკემბერში იმართებოდა ხოლმე.
კონსტიტუციური ანგარიშვალდებულება
პრეზიდენტის მოხსენების საფუძვლები ამერიკის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. კონსტიტუციის მეორე მუხლის მესამე ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას დროდადრო ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შტატების მდგომარეობის შესახებ და მათი რეკომენდაციებიც მოისმინოს. გაერთიანებული ნიშნავს იმას, რომ დარბაზში როგორც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები, ასევე სენატორებიც არიან. მართალია, არსადაა გაწერილი ის, რომ ეს უშუალოდ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, მაგრამ ტრადიცია უკვე ამგვარად ჩამოყალიბდა.
ტრადიცია და რეალობა
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ყოველწლიური ანგარიში კონგრესს წერილობითი ფორმით ბარდებოდა. პირველი, ე.წ. წლიური ანგარიში კონგრესს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა წარუდგინა. იმხანად, 1785-1790 წლებში ნიუ-იორკი ქვეყნის დედაქალაქი იყო. ამის შემდეგ, ვაშინგტონის მსგავსად მოიქცა ჯონ ადამსიც, მისი ერთი ვადით პრეზიდენტობისას. ტომას ჯეფერსონმა ეს ტრადიცია კვლავ წერილობითი გზავნილით ჩაანაცვლა, სანამ ვუდრო უილსონმა ის ისევ სიტყვის წარმოთქმით არ განაახლა. მას შემდეგ პრეზიდენტები ძირითადად პირადად წარდგებიან ხოლმე კონგრესის წინაშე, ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სასაუბროდ.
პრეზიდენტის ანგარიშვალდებულების ამ ფორმას მანამდე "ყოველწლიურ ანგარიშს", "წლიურ გზავნილს" ან სხვა სახელებს უწოდებენ. თუმცა ახლანდელი ტერმინი State of the Union (SOTU) პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოიყენა და დაამკვიდრა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედი კონგრესის წინაშე ოვალური კაბინეტის დაკავებიდან 10 დღის შემდეგ წარდგა. მისი ეს სიტყვა ისტორიკოსებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი გამოსვლა, სადაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა, სუფთა წყლის მარაგები იწურებოდა, ქალაქებს ნაგავი ფარავდა და ა.შ. თუმცა, მან კიდევ უფრო მწვავედ საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა.
ახალარჩეულ პრეზიდენტთა უმრავლესობა ამ ანგარიშისთვის “"კავშირის მდგომარეობის" დარქმევისგან ხშირად თავს იკავებს. რეიგანმა, ტრამპმა, ჯორჯ ბუშმა უმცროსმა და უფროსმა, ბილ კლინტონმა, ბარაკ ობამამ ეს სახელი არ გამოიყენეს. ზოგიერთმა თავის პირველ გამოსვლას “ადმინისტრაციის მიზნები”, ზოგმა კი უბრალოდ "კონგრესისადმი მიმართვა" უწოდა.
მაშინ, როდესაც კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვების შინაარსი ცოტას თუ ახსოვს, ზოგიერთი მიმართვა ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ჯეიმს მონრომ სწორედ ამ გამოსვლისას ისაუბრა ე.წ. მონროს დოქტრინის შესახებ, 1823 წელს. თეოდორ რუზველტმა კი 1941 წელს 77-ე მოწვევის კონგრესის წინაშე ცნობილი სიტყვა წარმოთქვა "ოთხი თავისუფლების" შესახებ.
წყარო: "ამერიკის ხმა"