ENG / RUS       12+

Heritage Foundation: აშშ-საქართველოს ურთიერთობის 5 პრიორიტეტი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ი აქვეყნებს ანგარიშს სახელწოდებით "აშშ-საქართველოს ურთიერთობის 5 პრიორიტეტი".

ანგარიშში, რომლის ავტორი ორგანიზაციის მკვლევარი ალექსის მრაჩეკია, აღნიშნულია შეერთებული შტატებისა და საქართველოს 2020 წლის ურთიერთობების 5 მთავარი პრიორიტეტი.

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერა, საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება, ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ ბიძგის მიცემა.

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა

საქართველოში 2019 წლის ივნისიდან რამდენიმე ათეული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზები ჰქონდათ. მათ შორის, რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება, რუსეთს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ლგბტ უფლებები და ა.შ.

გასული წლის ივნისში, მმართველი პარტიის მიერ გაიცა დაპირება, რომ 2020 წელს საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა.

2020 წელს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა ქვეყანა კიდევ ერთი არასტაბილური ვითარების წინაშე აღმოჩნდეს.

საქართველო ევრაზიის რეგიონში იმედის ნაპერწკალია, რადგან მისი დემოკრატიული ძალისხმევა მკვეთრად განსხვავდება მისი პოსტსაბჭოთა მეზობლებისგან. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და მიმდინარე წლის ბოლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერა

საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დასავლეთთან კიდევ უფრო ინტეგრირებასა და ეკონომიკის ლიბერალიზაციაში.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველო "ეკონომიკურად რეპრესირებულთა" რიგებიდან "თავისუფალი ეკონომიკების" რიგში გადავიდა და 124-ე ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

მრავალი წელია, შეერთებული შტატები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს. დადგა დრო, რომ 2020 წელს ეს შეთანხმება გაფორმდეს.

უკვე მიმდინარეობს მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება კი მეტად გააღრმავებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.
2020 წელს ეს საკითხი ტრამპის ადმინისტრაციისა და კონგრესის პრიორიტეტად უნდა იქცეს.

საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერა

2008 წელს საქართველომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება, რომ იგი ალიანსის წევრი გახდება. მას შემდეგ საქართველოს რუსეთის არმია შემოიჭრა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. საქართველო ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულა ნატოში და ეს უფრო მეტად დაუცველს ხდის მას რუსეთის აგრესისა და ოკუპაციის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატოს წევრი არ არის, იგი ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულად პარტნიორად რჩება.

ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც შეიქმნა 2008 წლის სექტემბერში, მუშაობს როგორც პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი და ზედამხედველობს საქართველოსა და ნატოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

რადგან საქართველოს რეგიონები [აფხაზეთი და ცხინვალი] დღესაც ოკუპირებულია, ნატომ უნდა გამოჩინოს მოხერხებულობა და საქართველო მიიღოს ალიანსში. ამისათვის, ნატომ ცვლილება უნდა შეიტანოს ალიანსის მე-6 მუხლში, რომელიც განსაზღვრავს მე-5 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ტერიტორიების ცნებას.

შესაბამისად, ალიანსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსნება რუსეთს მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველო სრულად შევა ნატოში.

ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. საქართველო ნატოს დამსახურებული პარტნიორია და შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.

თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ორმხრივი ურთიერთბები აქვთ თავდაცვის სფეროში. აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში. მაშინ როდესაც ავღანეთიდან სხვადასხა ქვეყანას გამოჰყავდა თავისი სამხედრო შენაერთები, საქართველო კიდევ უფრო მეტად ზრდიდა და აძლიერებდა მის სამხედრო წარმომადგენლობას ავღანეთში.

დღესდღეობით, ავღანეთში საქართველოს 870 ჯარისკაცი იმყოფება, რაც მას ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილს კონტრიბუტორად აქცევს.

აშშ აფასებს საქართველოსთან პარტნორობას. 2008 წლის ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 750 მილიონ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.

საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, აშშ სწორ გზას ადგას და ახლა აუცილებელია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება.

ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ ბიძგის მიცემა

2017 წელს დაიწყო აშშ-საქართველოს ერთობლივი ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის მიხედვით დაიგეგმა შავ ზღვაზე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

პორტის დასრულება იგეგმებოდა 2021 წელს თუმცა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომელსაც ჰქონდა პორტის აშენების უფლებამოსილება გადაცემული, გარკვეული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა პროექტის განხორციელება, ვიდრე ახალი ინვესტორის არ მოიზიდავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უბიძგოს საქართველოს ახალი ინვესტორის პოვნისკენ, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში.

* * *

წელს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ანაკლიის პორტის პროექტის ბედი გაურკვეველია. ამასთან, ორივე წარმატებით დასრულდება, თუ აშშ ხელს შეუწყობს საქართველოს სწორ გზაზე სვლისკენ. საბედნიეროდ, ორმხრივი თავდაცვის ურთიერთობები, საქართველოს ნატოში გაწევრიანება და აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობა უკვე პროგრესია.