სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი დაიწყო.
საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცდა.
რომის სტატუტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილების შესაბამისად, ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს:
მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენას (ინგლისური ან ფრანგული).
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. კანდიდატს აღნიშნული განათლება და გამოცდილება უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
კერძოდ, "A" კატეგორიის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სამართლის მაგისტრის ხარისხი, რომლის პროგრამაც მოიცავდა სისხლის სამართალს ან საერთაშორისო სისხლის სამართალს და სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლედ, პროკურორად, ადვოკატად ან სისხლის სამართალწარმოებაში სხვა მსგავსი ხასიათის საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.
"B" კატეგორიის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სამართლის მაგისტრის ხარისხი, რომლის პროგრამაც მოიცავდა საერთაშორისო საჯარო სამართალს და საერთაშორისო სასამართლოებთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სასამართლოებთან საერთაშორისო სისხლის სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება
• დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე
ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან წელს უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს გასდის.