ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
"საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი).
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.