სტრასბურგში, ევროპის სასახლეში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმიანება.
ზალკალიანის თქმით, სამტომეული საჩუქრად გადაეცა ევროპის საბჭოს და "ეს არის უძვირფასესი საჩუქარი ჩვენი ქვეყნის სახელით".
"ევროპის საბჭოს საჩუქრად გადაეცა ქართული კულტურის ენციკლოპედია - ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ინგლისურენოვანი სამტომეული.
ეს არის უძვირფასესი საჩუქარი ჩვენი ქვეყნის სახელით ორგანიზაციაში, რომელიც ემსახურება სწორედ ევროპული ფასეულობების დაცვას, რისი ნაწილიც არის ჩვენი კულტურა და მსოფლმხედველობა", - წერს ზალკალიანი.
სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ.
მას თან ერთვის აუდიო- ვიდეო მატარებელი (Flash-drive), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.