„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ქვეყნის პრობლემაა მსგავსი რიტორიკით მოსაუბრე ხელისუფლება.
„მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის და პრობლემაა როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც ასეთ სისულელეებს ლაპარაკობს. ან მოისმინონ პირველ რიგში ქართული საზოგადოების ხმა და მერე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ხმა, ან მოისმენენ და გონს მოეგებიან, მაშინ ნორმალურ პირობებში დაემშვიდობებიან ძალაუფლებას, ან გააგრძელებენ ქვეყნისთვის სამარცხვინო კურსს და მათთვის ეს იქნება პოლიტიკურად უაღრესად დრამატული ფინალით აღსავსე“, - განაცხადა ბოკერიამ.
საუბარია ამერიკაში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებაზე, რომელშიც ის კონგრესმენებს ტონსა და კომუნიკაციის ფორმას უწუნებს.
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს. ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს გაგზავნილ წერილში პოლიტიკური მოტივით დევნითა და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, შეშფოთება გამოთქვეს.
კონგრესმენებმა გიორგი გახარიას ღია წერილით თვრამეტ იანვარსაც მიმართეს, სადაც საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა, კონგრესმენების, სენატორების, ექსპერტების და გავლენიანი მედიასაშუალებების კრიტიკის შემდეგ, განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა, რომლის თარგმანსიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს და მხარს უჭერს მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.
კიდევ ერთი სენატორი ვინც კრიტიკას შეუერთდა პიტ ოლსენია. „საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს,“ - ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.