ნეპალში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იუწყება გაზეთი Katmandu Post-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
დაავადებული 31 წლის ნეპალელი სტუდენტია, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანიდან სამშობლოში იანვრის დასაწყისში დაბრუნდა.
მან სამედიცინო დაწესებულებას 13 იანვარს მიმართა, საიდანაც 5 დღეში გაწერეს. ხუთშაბათს, ადგილობრივმა ექიმებმა მისი სისხლის ნიმუში გაგზავნეს ჰონგ კონგის ლაბორატორიაში, რათა შეემოწმებინათ კორონავირუსზე, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღეს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია. ინფიცირებულია 900 მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.