თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას.
მისი თქმით, 8 წელი საკმარისი დროა, ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას, თუმცა დაელოდება, როგორი იქნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება.
"რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული რვა წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობისა იუსტიციის სისტემაში.
პირადად მე ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას, დაველოდებით, როგორი იქნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება. მანამდე პერიოდში რამდენიმე რეფორმა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი.
მანამდე, მე პირადად, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ვიყო "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ჩართული და მჯერა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა ციხეების ჩათვლით, გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მიერ.
მე ამის მჯერა. უფლება, გჯეროდეს, არავის წაურთმევია არავისთვის. მე გიზიარებთ გულწრფელად იმას, რისიც მჯერა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.