აშშ-ის სამ აეროპორტში ცენტრალური ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს, ახალ ვირუსზე, ამოწმებენ. საუბარია პნევმონიაზე. ათობით ადამიანი დაავადებულია, არის ლეტალური შემთხვევებიც. ამ ფონზე აშშ-ს აეროპორტებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ერთობლივად ეცდებიან ცენტრალური ჩინეთიდან ჩასული მგზავრის ჯანმრთელობის მდგომაროება შეისწავლონ.
მგზავრებს უპირველესად უზომავენ ტემპერატურას და სწავლობენ დაავადების სიმპტომებს.
19 იანვარს, ჩინეთში ახალი ვირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ისევ ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანის მაცხოვრებლები არიან. იმ ქალაქის, სადაც უცნობი დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ბრიტანელი სპეციალისტები ვირუსის სწრაფად გავრცელებას არ გამორიცხავენ. ჩინეთის ჯანდაცვაში კი მიიჩნევენ, რომ პანდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს, რადგან ახალ ვირუსს ადამიანები ერთმანეთს ვერ გადადებენ, ამისათვის ვირუსმა სახე უნდა იცვალოს. მეცნიერების მტკიცებით, უცნობი კორონავირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. ჩინეთშიც, სადაც ვირუსი პირველად დააფიქსირეს, დაავადება, სავარაუდოდ, ზღვის პროდუქტების მოხმარებამ გამოიწვია.