"ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს აბსოლუტური უმრავლესობით ვერ მოიგებს, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები შეაფასა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
მისივე თქმით, ივანიშვილმა ძალაუფლების ნაწილი შეიძლება იმ შემთხვევაში შეინარჩუნოს თუ ოპოზიციის მოთხოვნაზე წამოვა და არჩევნებს ნორმალურ ვითარებაში ჩაატარებს.
"ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვას დაუკარგა ფასი. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ტყუილსაც ამბობენ, მაგრამ ესეთი საჯარო, თან კრიტიკულ სიტუაციაში მიცემული დაპირება და შემდეგ ფარსის გათამაშება, რომ ეს შემთხვევით მოხდა, ძალიან ცუდია. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე, მაგრამ რაიმე გარღვევა, რომ მოხდეს ან აფხაზეთის, ან ეკონომიკის, ან რუსეთის მიმართულებით, ვინ უნდა ენდოს ამ ხელისუფლების სიტყვას?
შეიძლება ცვლილებები განხორციელდეს, მაგრამ ვეტყოდი ივანიშვილს, რომ ეს არ იქნება საკმარისი ძალაუფლების ნაწილი მაინც რომ შეინარჩუნოს, ყოველ შემთხვევაში, ის ამას მშვიდობიანად ვერ მოახერხებს.
თუ ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს აბსოლუტური უმრავლესობით და ამის შანსი არც არსებობს, ის ვერც პროკურატურას შეინარჩუნებს, ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებს და ვერც პოლიცის. როდესაც ვთქვი, რომ ძალაუფლების ნაწილს შეინარჩუნებს, ეს მოხდება მაშინ თუ არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებს, თუ ის წამოვა იმ ცვლილებებზე, რა ცვლილებებთან დაკავშირებითაც ოპოზიცია არის გაერთიანებული.
ამას ხომ მოხერხება უნდა? ბურჯანაძე, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, ყველა შენს წინააღმდეგ დააჯინო?", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვარში უნდა გაიმართოს. შეხვედრის მთავარი თემა, კვლავ პროპროციული არჩევნები იქნება. ხელისუფლების ოპონენტებსა და მმართველ გუნს შორის მედიატორის როლს კი, კვლავ საერთაშორისო საზოგადოება შეასრულებს.