მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ ტროლები ახალი წლის შემდეგ კვლავ გააქტიურდნენ. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართული შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევიან. ახალი ბოტები ფეისბუკგვერდმა „ვინ ვინ არის" გამოააშკარავა.
დიღმელაშვილის თქმით, მთავრობა ამ ქმედებებით მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა და მისი მეთოდებითვე იბრძვის ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად.
„საახალწლო არდადეგების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი თავიდან და ეს მოსალოდნელიც იყო, იქმნება ახალი ტროლანგარიშები და ტროლგვერდები. ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა, რომ შექმნას ალტერნატიული რეალობა და იქ თავად იყოს გამარჯვებული. რამდენიც არ უნდა ქნას ეს ხელისუფლებამ, მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივი ფინანსდება ხელისუფლების მიერ და საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მოკავშირე ამ ამბავში", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.
ფეისბუკმა 400-მდე ანგარიში საქართველოში დეკემბერში გააუქმა. თუმცა, ასევე, გაკეთდა განცხადება, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა.