ესპანეთის პარლამენტის კონგრესმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის კანდიდატურას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
სანჩესის კანდიდატურას 167 დეპუტატი მიემხრო, 165 წინააღმდეგ წავიდა, თავი კი 18-მა შეიკავა.
პირველ მოსმენაზე, რომელიც კვირას გაიმართა, სანჩესმა მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობის მობილიზება ვერ მოახერხა.
ამ დრომდე ესპანეთში დროებითი მთავრობა მუშაობდა, რადგან 28 აპრილს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართა, სადაც სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელი მანდატების რაოდენობა არ ჰქონდა.