სკოლებში აღარ ისწავლება შვლის ნუკრის ნაამბობი - წუხილს გამოთქვამს მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.
"იცით რატომ აკრძალეს თურმე, როგორც მე მასწავლებლებმა მითხრეს? ბავშვი სტრესს ღებულობსო. ჯერ ერთი ეს სტრესი არ არის, განცდა უჩნდება უმწეო არსების მიმართ ახალგაზრდას და მერე მეორე, აცრას რისთვის აკეთებენ, აქ ექიმები ხომ ხართ? ორგანიზმს იმუნიტეტი უნდა გამოუმუშავდეს. იმუნიტეტი უნდა გამოუმუშავდეს ახალგაზრდა კაცს სტრესების მიმართ, იმიტომ რომ ცხოვრება დააყენებს ოდესმე სტრესის წინაშე, გამოცდის წინაშე და მოუმზადებელი აღმოჩნდება ადამიანი.
ემპათია დავკარგეთ ქართველებმა? დავკარგეთ იმის უნარი, რომ ერთმანეთის სულში ჩავიხედოთ? მასწავლებელმა არ იცის რა ხდება 15 წლის მოზარდის სულში, მეზობელმა არ იცის, თანაკლასელმა არ იცის რა ხდება... ნუ დავნერგავთ აპათიას, ნუ განვავრცობთ ლოზუნგს, რომ „ამ ცხოვრების დედაც“, - თქვა სიმონ ნოზაძემ.