ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ სასამართლო პროცესი ოკუპირებულ რეგიონში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – წელიწადი და ცხრა თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, – წერს ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 ნოემბერს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს გამართულ პროცესზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.