15 წლის ლუკა სირაძეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში ექვსსაათნახევრის განმავლობაში, გვიან ღამემდე კითხავდნენ, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ
მისი თქმით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, ნივთის განზრახ დაზიანებისთვის მიმდინარეობდა. სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მწვანე სკოლის ტერიტორიაზე "უცენზურო წარწერების" გაკეთების აღიარებას სთხოვდნენ მუქარით ლუკა სირაძეს.
"არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე. იმის გამო, რომ პოლიციაში არ არსებობს სპეციალური ოთახები არასრულწლოვნებისთვის, ამიტომ მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები. ჩვენების მიხედვით, გამომძიებელმა არასრულწლოვანს უთხრა, რომ არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობს სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები.
ასევე გამომძიებელმა 15 წლის ბიჭს დაუპირისპირა სხვა მოწმეები, მათ შორის იყო, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ისე სხვა არასრულწლოვნები.
იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმასჯულების კოდექსის შესაბამისად, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც დღეს რეგულირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მოზარდებმა განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი.
შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 17 დეკემბერს, 15:00-ზე, გამოკითხვაზე გამოვიძახეთ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომლის დაკითხვის შემდეგ, მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება", - ამბობს თოლორაია.