15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვაზე სამართალდამცველებმა ერთმანეთს არასრულწლოვნები დააპირისპირეს, - ამის შესახებ საიას იურისტმა რეზო აჭარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თგანაცხადა.
მისი თქმით, ლუკა სირაძე ცალკე ოთახში გაიყვანეს სამართალდამცველებმა, საიდანაც მოზარდი ანერვიულებული და ატირებული გამოვიდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოითხოვა, თუმცა, ეს არ აღმოუჩინეს.
"მათ არასრულწლოვანი მოწმეები დააპირისპირეს ერთმანეთს. ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო", - განაცხადა ლუკა სირაძის ინტერესების დამცველმა რეზო აჭარიძემ და აღნიშნა, რომ თითქმის დადასტურებულია, რომ მოზარდს დაემუქრნენ მიეცა აღიარებითი ჩვენება სკოლის კედლების მოხატვასთან დაკავშირებით.
15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. ის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო და 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. დაკავებული გამომძიებელი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.