თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას, გამოკითხვა დასრულდა. დეპუტატმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
"მე ვერაფერი ახალი ვერ გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან, ფორმალური ვალდებულებაა, გრიფი ადევს და დეტალებზე არ ისაუბროო, მაგრამ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ გრიფი საიდუმლო შეიძლება, ჰქონდეს. თუ რამე არის სენსიტიური იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დრო, იმაზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემგან ინფორმაცია არ ექნებათ იმაზე მეტი, რაც დოკუმენტებშია. ამიტომ, არაფერი არ იყო აქ გასასაიდუმლოებელი, რაზეც შიგნით იყო საუბარი", - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გამოძიების განახლების საჭიროება უნდა ახსნას.
ოპოზიციონერი ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.