15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
"იმ ხალხის 10%-ც, რომ მივიდეთ ფიზიკურად, ვინც ფბ-ით სოლიდარობას ვუცხადებთ, დამერწმუნეთ, ამას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება ამ შესანიშნავი ადამიანისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
არ დაიზაროთ!", წერს სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს.
ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბარლდებას არ აღიარებს.
ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.