UNESCO-მ დამასკოს ვარდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
"სოფელ ალ-მარაჰში შენარჩუნებული ვარდის დამუშავების მეთოდები შედის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში", - აღნიშნულია პრესრელიზში.
სოფელი ალ მარაჰი სირიაში, დამასკოს ჩრდილოეთით 65 კილომეტრში მდებარეობს.
დამასკოს ვარდს სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ, კოსმეტიკური საშუალებების, ეთერზეთების, მედიკამენტების, აგრეთვე მურაბების წარმოებისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩაი ვარდის ფურცლების დანამატით, რაც ადგილობრივების რწმენით, დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის დაავადებებზე.
UNESCO-ს მონაცემებით, ალ-მარაჰში სეზონურად დაახლოებით 60-70 ტონა ვარდის ფურცლებს აგროვებენ. მისი ექსპორტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება.
ვარდის ყვავილობა ალ მარაჰში მაისში იწყება.