შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის, წარადგინეს ბრალდება ორი მუხლით. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გამოძიებაში ხელის შეშლა.
დემოკრატების განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირადი პოლიტიკური ინტერესები შტატების ეროვნულ უსაფრთხეობაზე მაღლა დააყენა, აიძულებდა რა უკრაინას, გამოძიება დაეწყო მთავარი პოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ.
გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ნაგულისხმევია პრეზიდენტ ტრამპის აკრძალვა, რითაც მან არ დაუშვა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები კონგრესში გამართულ საგამოძიებო მოსმენებზე.
ამის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს საბოლოო საბრალდებო დასკვნას, რომელიც შემდგომი კენჭისყრისთვის წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.
იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა დადებითად გადაწყდება, საკითხი განსახილველად სენატს გადაეცემა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია.