მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. მე დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა.
იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველს სთავაზობს მასთან ერთად მოინახულოს ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც მოისურვებს.
"თუ მისთვის ამგვარ დაწესებულებებში ჩემთან ერთად სიარული და პატიმრებთან შეხვედრა მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, მე შემიძლია, რომ მას შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარს თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება არ ვიცი.
მე, ჩემი მხრიდან ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი "კანონიერი ქურდის" მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.