გეუბნებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდისა და ხელისუფლების მიმართ ნდობის სრულ განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩავარდნასთან დაკაშვირებით.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის უსამართლო, რადგან ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი.
„დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით რამდენიმე რამეს, ერთი – ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას, გამოიწვევდა ქვეყანაში პროცესების უკიდურესად გამწვავებას და ეს ასეც მოხდა. ასევე გეუბნებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდისა და ხელისუფლების მიმართ ნდობის სრულ განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერა და ნდობა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან ხშირად ვართ „სწორედ მათზე დამოკიდებული“.
„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერზე, რაც აქ მოხდა. სისტემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო. ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ცვლილება ყოფილიყო მიღებული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაფერი რაც იწერება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მედიასაშუალებებში ამას კითხულობენ ტურისტები, ინვესტორენი, და საბოლოო ჯამში „ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ, მე მგონი უმძიმებს მდგომარეობას“.