ევროკავშირი "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიური სანქციათა მექანიზმის შემუშავებას გეგმავს - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოსამზადებელი სამუშაოები ყოვლისმომცველი სანქციების რეჟიმის შესახებ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე რეაგირებისთვის, რაც შეერთებულ შტატებში მოქმედი "მაგნიტსკის აქტის" ანალოგი იქნება", - თქვა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე შეთანხმებას ორშაბათს [9 დეკემბერს] მიაღწია.
"ეს იქნება შთამბეჭდავი ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის ლიდერობის განმტკიცებისთვის", - დასძინა ბორელმა.
მაგნიტსკის აქტი
შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო "მაგნიტსკის აქტი", რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
"მაგნიტსკის აქტი, იურისტ სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელიც 2009 წელს მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გარდაიცვალა.
მაგნიტსკი დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად.
2016 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომლითაც პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, განაახლოს იმ უცხოელთა სია, რომლებიც დამნაშავეები არიან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
მსგავსი სამართლებრივი აქტები მიიღეს ასევე კანადაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და გაერთიანებული სამეფოში.