ივანიშვილი აკეთებს სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იძირება და გადაწყვიტა, ჩაძიროს საქართველოც.
"ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. მახსენდება კარგად, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და მეორე შეხვედრის დროს მითხრა, იცოდე ყველაფერზე წამსვლელი ვარო. მაშინ ბოლომდე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, თან ახალი გამარჯვებული იყო საპარლამენტო არჩევნებში. მახსოვს, პარტიის ოფისში მოვყევი ეს ამბავი და სხვათა შორის, გიგი უგულავამ თქვა, გადაეცი, თუ ეგ ყველაფერზე წამსვლელია, ჩვენც ყველაფერზე წავალთო. მაშინ, სერიოზულად არ აღვიქვით, მაგრამ რუსულად რომ ვთქვათ, ეს კაცი არის ნადვილი "ბეზპრიძელშიკი" - ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ნამდვილად დავგვიანდით, ყველაფერი რაც შეიძლება ყოფილიყო ძალიან დრამატული და ტრაგიგული 2 წლის წინ, ახლა გამოიყურება როგორც ფარსი. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. არსებობს ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა უკეთესად ცხოვრება. არ უნდა რომ ვიღაცა ქვეყნიდან აგდებდეს. რომელსაც უნდა რომ ქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, რომელსაც უნდა ნორმალური დასაქმება. მეორე მხრივ, არის ბოლომდე გაკოტრებული და შეშინებული ივანიშვილი, რომელსაც აღარაფერი შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება“, - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.