„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის განმარტებით, მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის საფუძველია. მისი აზრით, საქმე სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს.
„ერთი მტკიცებულება ნიკა მელიას ჩართულობის ამ საქმეში არ არსებობს. ეს საქმე იქნა გამოყენებული მარტივი მიზნით, რომ ნიკა მელიას შეუწყდეს პარლამენტარის სტატუსი, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი კანონმდებლობით ითვალისწინებს პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტას", - თქვა კონდახაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ.
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი დამნაშავედაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით.
დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ნიკა მელიას "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით მას 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.