საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიმდინარე აქციას ეხმიანება. აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს. მათ ოფისთან ცოცხები და კვერცხები მიიტანეს და უცენზურო წარწერები გააკეთეს. მოხდა დაპირისპირება, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
"ერთი ჯგუფი ქართული ოცნების სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, "პადძელნიკების", ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არიან ნამდვილი საჯდომის კულტის მსახურები. საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ.
თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს აქტივისტებს, უბრალოდ ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს თითოეული ამ სახელმწიფო მოხელის იდენტიფიკაცია, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა კანონების და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი“, - ამბობს სააკაშვილი.