გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში.
ამის შესახებ ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
"გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და ნდობით აღსავსეა. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.
საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები.
გვსურს პირველ რიგში გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს ხმარდაჭერას და დახმარებას", - განაცხადა მაასმა.
მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების მიუღებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.
"რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ქართველები უკვე ორი წელია უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასიურად ეზღუდებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს", - განაცხადა მან.
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას", - განაცხადა მან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.