საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღიარებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა პირად საქმეზე, ოჯახთან ერთად.
"უნდა ვთქვათ, გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ რომ ეთქვათ საზოგადოებისთვის… თითქოს პარლამენტის თავმჯდოამრე გაფრინდა კომოს ტბაზე, ისვენებს ბიუჯეტის ხარჯზე, სხვა არაფერი აინტერესებს. რეალურად, ამ ცხრა ამბიდან დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სასმახურში.
მე პირადად ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური შატალო აქ არ ყოფილა. მით უმეტეს, ამ კრიტიკას ვერ მივიღებ ისეთი ოპონენტებისგან, რომლებიც წარსულში ბიუჯეტის ხარჯზე სამეგობროებით დადიოდნენ საზღვარგარეთ და ეს ყველას გვახსოვს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, სადაც თალაკვაძე აცხადებდა, რომ კომოს ტბაზე კი არა, პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ამ ისტერიული ფონისა და კამპანიის გასანეიტრალებლად, ეს იმ მომენტში იყო პასუხი ფეიკნიუსზე".
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანიებმა "მთავარმა" და "ფორმულამ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე კახა კალაძესთან ერთად, მდიდრულ წვეულებაზე, იმყოფებოდა იტალიის კუნძულ კომოზე.